Tuesday, June 8, 2010

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
ნარკოტიკული საშუალებები (Narcotica; სინ. ნარკოტიკები) _ ტერმინი, რომელიც მედიცინაში გამოიყენება რიგი ნეიროტროპული სამკურნალო საშუალებების ჯგუფური კუთვნილების აღსანიშნავად. მე-19 საუკუნის შუა წლებამდე აღნიშნული ტერმინი გამოიყენებოდა იმ სამკურნალო საშუალებების მიმართ, რომლებიც იწვევდნენ ცნობიერების, მამოძრავებელი აქტივობის და მგრძნობელობის ცალკეული სახეების დარღვევებს. ამასთან, ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფში შედიოდნენ ფარმაკოლოგიური აქტივობის, ლოკალიზაციის და ცნს-ზე მოქმედების მექანიზმების მიხედვით, ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებული პრეპარატები (მაგ., ალკოჰოლი, ოპიუმის, ბანგის, მანდრაგორის და სხ. პრეპარატები), რომლებიც სამედიცინო პრაქტიკაში ძირითადად გამოიყენებოდნენ ზოგადი ანესთეზიისთვის და როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. ბიოლოგიაში ნარკოტიკულად ითვლება ის საშუალებები, რომლებიც იწვევენ ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი ორგანიზმების ცხოველმყოფელობის დაქვეითებას.მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან, სამედიცინო პრაქტიკაში ინჰალაციური ნარკოზისთვის პირველი პრეპარატების (დიეთილის ეთერი, აზოტის ქვეჟანგი, ქლოროფორმი) დანერგვის შემდეგ, აღნიშნული ნივთიერებები აგრეთვე ჩართული იქნა ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფში. მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრიდან ფარმაკოლოგიის განვითარების და ნეიროტროპულ სამკურნალო საშუალებების თვისებებზე წარმოდგენების დაზუსტების შემდეგ, ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფიდან დაიწყო პრეპარატების გამოყოფა დამოუკიდებელი ჯგუფების სახით, რომლებთაც გააჩნდათ საძილე, ანალგეტიკური და ცნს-ზე სხვა სახის ზემოქმედების უნარი. ამის შედეგად, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, ტერმინი “ნარკოტიკული საშუალებები” იხმარებოდა უპირატესად იმ სამკურნალო საშუალებების ჯგუფების აღსანიშნავად, რომლებიც გამოიყენებოდა ნარკოზისთვის. აშშ-ში და რიგ სხვა ქვეყნებში სანარკოზე საშუალებების მიმართ, მე-19 საუკუნის შუა წლებიდან, გამოიყენებოდა სხვა ტერმინი _ “საშუალებები ზოგადი ანესთეზიისთვის” (სინ. “ზოგადი ანესთეტიკები”), რამეთუ ტერმინი “ნარკოზის” მაგივრად, ამ ქვეყნებში ძირითადად იხმარებოდა ტერმინი “ზოგადი ანესთეზია”.
ზემოთაღნიშნულ მნიშვნელობასთან ერთად, ტერმინი “ნარკოტიკული საშუალებები” (“ნარკოტიკები”) მე-19 საუკუნიდან გამოიყენება იმ ნივთიერებების (მაგ. მორფინი, კოკაინი და სხ) და მათი შემცველი პროდუქტების (მაგ. ოპიუმი, კოკის ფოთლები და სხ) აღსანიშნავად, რომელთა ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნარკომანიის განვითარება. ამ მნიშვნელობით ტერმინი “ნარკოტიკული საშუალებები” ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ნარკოლოგიაში, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებებში (იხ. საერთაშორისო სამედიცინო კონვენციები) და საკანონმდებლო აქტებში, რომლებიც რეგლამენტირებენ ნარკომანიის გამომწვევ ნივთიერებებზე კონტროლს. ამრიგად, თანამედროვე პირობებში, ნარკომანიის გამომწვევი ნივთიერებების მიმართებაში ტერმინებმა “ნარკოტიკული საშუალებები” და “ნარკოტიკები” მიიღეს არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალური და იურიდიული მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, ნარკოტიკულ საშუალებებს უნდა მივაკუთვნოთ ის ქიმიური ნივთიერებები ან მათი შემცველი სხვადასხვა წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც შეესაბამებიან მათი შეფასების სამ ურთიერთდამოკიდებულ კრიტერიუმს: სამედიცინო (ნარკომანიის გამოწვევის უნარი), სოციალურ (ნივთიერებების არასამედიცინო გამოყენების სოციალური მნიშვნელობა) და იურიდიულს (შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ ნივთიერების ნარკოტიკად ოფიციალური აღიარება

სოციოლოგების თვალსაზრისით, ნარკომანია დევიანტური ქცევის ერთ-ერთი ფორმაა, ანუ ქცევა, რომელიც საყოველთაოდ მიღებული მორალურ-ზნეობრივ ნორმებისგან იხრება.
ნარკომანიის წარმოშობის და განვითარების მიზეზად, ყველაზე ხშირად ხასიათის თავისებურებებს, ფსიქიკურ და ფიზიკურ დარღვევევებს, ამა თუ იმ სოცილური ფაქტორის გავლენას ასახელებენ. იშვიათი არაა, ნარკომანიის წარმოშობა ისეთ ადამიანებში, რომლებიც სამედიცინო მიზნებისთვის იძულებული არიან დიდი ხნის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებები მიიღონ. ბევრ მედიკამენტს, რომლებიც ოფიციალურ მედიცინაში გამოიყენება (ხშირად საძილე, დამაწყნარებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები), შეუძლიათ ნარკოტიკული დამოკიდებულების მძიმე ფორმების გამოწვევა, რაც შეიძლება მათი მოხმარების დროს სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს.
ზოგიერთ ქვეყანაში ნარკოტიკების გამოყენება დაკავშირებულია კონკრეტულ რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებთან (ინდიელებისთვის კოკას ფოთლების ღეჭვა, ჰაშიშის მოწევა მუსულმანურ ქვეყნებში). ევროპაში და ამერიკაში ნარკომანიამ ფართო გავრცელება 1960-იანი წლების ახალგაზრდული კულტურული რევოლუციის დროს ჰპოვა. სწორედ ამ დროიდან, ეს მოვლენა სერიოზულ სოციალურ პრობლემად იქცა.
ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი

ეს არის ნარკომანიის სინდრომი, რომელიც დაავადების განვითარების გარკვეულ ეტაპზე ჩნდება და გულისხმობს ფსიქიკურ (ობსესიურ) ლტოლვასა და ინტოქსიკაციის დროს ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარს. მას წინ უძღვის შეცვლილი რეაქციის სინდრომი.
- ფსიქიკური (ობსესიური) ლტოლვა გამოიხატება ნარკოტიკზე გამუდმებულ ფიქრებში, დათრგუნვილობაში, ნარკოტიკის უქონლობის დროს დაუკმაყოფილებლობის გრძნობაში და განწყობილების გაუმჯობესებაში ნარკოტიკის მიღების მოლოდინით წინასწარ ტკბობის დროს. ობსესიური ლტოლვა ემოციურ ფონს განაპირობებს, მაგრამ მას არ შეუძლია (ფიზიკური, კომპულსიური ლტოლვისგან განსხვავებით) მთელი ცნობიერების დაკავება, ქცევის კარნახი. დაავადების ამ სტადიაში, როცა ობსესიური ლტოლვა ყალიბდება, ამ მოტივების ბრძოლა გრძელდება. ობსესიური ლტოლვა მძაფრდება კონფლიქტური სიტუაციების, არასასიამოვნო განცდების (მიზეზობრივად ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებით), ამა თუ იმ ადგილის მონახულების, ადამიანებთან შეხვედრის, ლიტერატურის კითხვის, საუბრების (ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებული) დროს. ლტოლვა შეიძლება შემცირდეს ისეთი კონფლიქტური სიტუაციების დროს, რომელიც მიზეზობრივად დაკავშირებულია ნარკოტიკის მიღებასთან, როცა ჩნდება ძლიერი გატაცება, პოზიტიური ემოციებით გაჯერებული მდგომარეობა. ობსესიური ლტოლვა არასპეციფიკურია, ანუ ის შეიძლება სხვა ნარკოტიკით დაკმაყოფილდეს, რაც კომპულსიური ლტოლვისგან მეორე მთავარი განმასხვავებელია.
ობსესიური ლტოლვა, როგორც დაავადების ერთ-ერთი ადრეული სიმპტომი, ძნელად ვლინდება, რადგან უმეტეს შემთხვევაში, თავად ავადმყოფი იტყუებს თავს.
ამავე დროს, ობსესიური ლტოლვა დაავადების ყველაზე ხანგრძლივი და ძნელად დასაძლევი სიმპტომია. დაავადების განვითარებასთან ერთად, და ნარკომანიის უფრო აშკარა ნიშნების გამოჩენისას, ისეთის როგორებიცაა კომპულსიური ლტოლვა და აბსტინენტური სინდრომი, ობსესიური ლტოლვა მეორე პლანზე გადადის. ამის მიუხედავად, მწვავე სიმპტომატიკის მოხსნის შემდეგ რემისიის დროს და შედარებით უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაში, ობსესიური ლტოლვა არსებობას გამოხატულობის იგივე ხარისხით აგრძელებს არსებობას, როგორიც ის მკურნალობამდე იყო. უმეტესწილად, ნარკოტიკისადმი ფსიქიკური ლტოლვა არის დაავადების მუდმივი შემთხვევების ძირითადი და ერთადერთი მიზეზი.
- ინტოქსიკაციის დროს, ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარი არ არის ეიფორიის სინონიმი, მასში არა იმდენად სიამოვნების განცდა იგულისხმება, რამდენადაც დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობიდან გაქცევა. თუ ჯანმრთელ ადამიანს მრავალ სიტუაციაში შეუძლია დაკმაყოფილება, მათ შორის ნარკოტიკული გაბრუების დროს, ნარკომანს — მხოლოდ ნარკოტიკის მიღების დროს. ამავე დროს, თუ ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკური ფუნქციები ნარკოტიკული გაბრუების დროს ირღვევა, ნარკომანის ფსიქიკური ფუნქციები, პირიქით, ნარკოტიკის მიღების შემდეგ უმჯობესდება, რადგან ინტოქსიკაციის უქონლობის პირობებში ისინი ისედაც უკვე ძალზედ დაბალია. ინტოქსიკაციის დროს, დამაკმაყოფილებელი ფსიქიკური ფუნქციონირების სინდრომი ნარკომანიის ყველა ფორმის დროს ვლინდება, რამდენიმე ფსიქოდელიური საშუალების (ლსდ) მოხმარების შემთხვევების გარდა, როდესაც ფსიქიკა ყოველთვის მხოლოდ ირღვევა.
ნარკომანია
1. შეცვლილი რეაქციის სინდრომი;
2. ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი;
3. ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი; (ეს სამი სინდრომი ერთიანდება ერთ დიდ ნარკომანიის სინდრომში)
4. ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი.
ნარკომანია
1. შეცვლილი რეაქციის სინდრომი;
2. ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი;
3. ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი; (ეს სამი სინდრომი ერთიანდება ერთ დიდ ნარკომანიის სინდრომში)
4. ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი.